Wednesday, November 25, 2009

საქორწინო ტრადიციები ინდოეთში

ინდოეთში ქორწილის დღეს, ცერემონიის დაწყებამდე, ნეფე-პატარძალს ჭამა ეკრძალება. სასიძოს სახლში საპატარძლო საქორწილო ცეკვებსა და სიმღერებს ასრულებს, რის შემდეგაც ტარდება მნიშვნელოვანი რიტუალი - ყვითელი ფერის თაყვანისცემა. ამ რიტუალის მონაწილეები შუბლს თეთრად იღებავენ, შემდეგ კი ერთმანეთს ყვითელ ფხვნილს აყრიან. ცერემონიის შემდეგ სასიძოს მამა ხმამაღლა წარმოთქვამს ამ ოჯახის გარდაცვლილთა სახელებს, რითაც თითქოს მათ სულებს ქორწილის მოწმეებად იწვევს. შემდეგ ყველა საპატარძლოს სახლისკენ მიემართება, სადაც რიტუალი მეორდება.
ქორწილს საღამოს იხდიან და აუცილებლად საპატარძლოს სახლში, სადაც იგი დანიშნულ დროს საქმროს ნათესავებისა და მეგობრების თანხლებით მიდის. ამ დროისთვის უკვე მორთულია პატარა ტაძარი. სასიძო ქვაზე დგას და ელოდება, როდის გამოაბრძანებენ ხის სავარძლით საპატარძლოს, რომელსაც საქორწილო წითელი სარი აცვია და ასევე საგანგებოდ არის მორთული. საპატარძლოს შვიდჯერ შემოატარებენ საქმროს გარშემო. ახალგაზრდები დებენ ფიცს და მათ ხელებს ყვავილის გირლანდებით აერთებენ. საქმრო ამ დროს შუბლზე წითელ საღებავს ისვამს, ხოლო საცოლეს იმავე საღებავს შუაზე გაყოფილი თმის შუაგულში აცხებს. ამის შემდეგ ისინი უკვე ცოლ-ქმრად ცხადდებიან.
ტაძრის შუაგულში კოცონი ანთია. ნეფე-პატარძალს მის ახლოს სვამენ. შემდეგ დგებიან და ხელიხელჩაკიდებულები კოცონს წრეს შვიდჯერ არტყამენ. პატარძლის სარის ცალი ბოლო ნეფის ქამარზეა მიმაგრებული, რაც მათ ურღვევ კავშირს ნიშნავს.ქორწილში საპატარძლოს წითელი სამაჯურები უკეთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი თხოვდება.
ყველა იკრიბება შენობაში, სადაც იმართება საქორწინო ლხინი სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით. შეძლებული ინდური ოჯახები ყოველთვის დიდ და მრავალრიცხოვან ქორწილებს იხდიან, სტუმართა რაოდენობა დაახლოებით 700-800 კაცს აღწევს. პატარძლის მშობლები ვალდებულნი არიან, სტუმრებს ღამის გასათევი გამოუყონ.ინდურ ქორწილში უხვად არის საიუველირო ნაკეთობა. ყოველ მათგანს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად, სამაჯურის მიცემა ინდოეთის ბევრ რაიონში ნათესაური კავშირის დამყარებას ნიშნავს. ინდური ოჯახი მრავალრიცხოვანია. ტრადიციის თანახმად, პატარძალი უსიტყვოდ ემორჩილება დედამთილს, მაგრამ თუ ამასთანავე ის უმცროსი ვაჟიშვილის ცოლია, მასზე უფროსი რძლების გავლენაც ვრცელდება.ქორწილი ახალგაზრდების ცხოვრების ულამაზეს, დაუვიწყარ მოვლენად რჩება.

2 comments:

  1. მე კმაყოფილი ვარ ამ რიტუალებიტ იმედდია ინდოეთში მოვხვდები

    ReplyDelete
  2. მე კმაყოფილი ვარ ამ რიტუალებიტ იმედდია ინდოეთში მოვხვდები

    ReplyDelete